საქართველო კულტურული მცენარეების წარმოშობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერაა. ქართველმა ხალხმა, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, შექმნა მარცვლოვნების, უპირველესად ხორბლის, სამარცვლე პარკოსნების, ბოსტნეულის, ბაღჩეულის, ვაზისა და ხეხილისა შესანიშნავი ჯიშები.

ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა გენეტიკური რესურსების განყოფილების საქმიანობის უპირველესი მიმართულება საქართველოს კულტურული მცენარეებისა და მათი ველური ნათესავების შესწავლა, დაცვა და მათი გამოყენების მეცნიერული საფუძვლების დამუშავებაა. ასევე, განყოფილების მიზანი, გადაშენების პირას მისული და გენეტიკური ეროზიის საფრთხის წინაშე მდგომი ჯიშების ex situ კონსერვაცია და საქართველოს ტრადიციული მიწათმოქმედების ზოგიერთი დარგის აღდგენაა.

ცნობები საქართველოს კულტურული მცენარეების შესახებ გაბნეულია უძველეს ქართულ წყაროებში. XVIII საუკუნის დიდი ქართველი გეოგრაფოსის ნაშრომში, „ღეოღრაფიული აღწერა საქართველოსაში“, მოცემულია მდიდარი ინფორმაცია იმდროინდელი საქართველოს კულტურული მცენარეების შესახებ.

საქართველოს კულტურული მცენარეების მეცნიერული შესწავლა დაიწყო თბილისის ბოტანიკურ ბაღში მომუშავე პ. ჟუკოვსკიმ. მან და ახალგაზრდა ქართველმა მკვლევარებმა, გასული საუკუნის 20-იან წლებში, აღწერეს საქართველოს ხორბლის ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები.

საქართველოს კულტურული მცენარეების შესწავლის, როგორც დარგის, განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ი. ჯავახიშვილის „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ ორტომეულის (1928-1930) და ნ. კეცხოველის „კულტურულ მცენარეთა ზონები საქართველოში“ (1957) გამოქვეყნებას.

განყოფილების თანამშრომლების მიერ დადგენილია საქართველოს კულტურული მცენარეებისა და მათი ველური ნათესავების სისტემატიკური შემადგენლობა და გამოვლენილია კულტურულ მცენარეთა აბორიგენული ჯიშები. ნაჩვენებია, რომ აგრიკულტურიდან ადგილობრივი მარცვლოვნებისა და სამარცვლე პარკოსნების უმეტესობა ამოვარდნილია. თუმცა, მათი აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია ბოტანიკის ინსტიტუტსა და სხვა დაწესებულებებში დაცულ ex situ კოლექციათა საფუძველზე.

გამოვლენილია ზოგიერთი კულტურული მარცვლოვნის (ხორბალი, ჭვავი, ღომი, ფეტვი, ქვრიმა, სორგო), აგრეთვე კულტურული და ველური კურკოვნების (ტყემალი, ქლიავი, ბალი, კვინჩხი) ფორმათწარმოქმნის კანონზომიერებები. დადგენილია საქართველოში გავრცელებული კულტურული მცენარეების ველურ ნათესავთა ზოგიერთი სახეობის არეალები ამ მცენარეთა in situ კონსერვაციასთან დაკავშირებით. დახასიათებულია საქართველოს კულტურული მარცვლოვნების ბიოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებები, მცენარეული გენეტიკური რესურსების საერთაშორისო საბჭოს (IBPGR) დისკრიპტორებისა და სტანდარტების შესაბამისად.

ხორბლის შესწავლის დარგში საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა ვლ. მენაბდის წიგნს «Пшеницы Грузии» (1948 წ.). დადგენილია, რომ ხორბლის გვარის სახეობრივი მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზეა თავმოყრილი, ხოლო კულტურული ხორბლის ინიციალური სახეობები, მხოლოდ საქართველოშია შემორჩენილი. დადასტურებულია კულტურული ხორბლების ქართული კერის პირველადობა და მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა ხორბლის დომესტიკაციის პროცესში.

განყოფილების თანამშრომელთა გამოკვლევებმა აღიარება ჰპოვეს ზოგიერთი კულტურული მცენარის გენერაციული სფეროს სტრუქტურულ-ფუნქციური ორგანიზაციის, ევოლუციაში პოლიპლოიდიის როლისა და მცენარეთა შორეული ჰიბრიდიზაციისა საკითხების შესახებ.

ასევე ბევრია გაკეთებული საქართველოს კულტურულ მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის მიზნით: 1990-2000 წწ. ბოტანიკის ინსტიტუტი თანამშრომლობდა ქ. გატერსლებენის გენეტიკისა და კულტურულ მცენარეთა შესწავლის ინსტიტუტთან (გერმანია). ამ ინსტიტუტში ინახება საქართველოს კულტურული მცენარეების თესლის მდიდარი კოლექცია. თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე შექმნილია საქართველოს კულტურული მარცვლოვნებისა და მათი ველური ნათესავების კოლექცია.

დაგროვილი მონაცემები საფუძვლად დაედება საქართველოს მარცვლოვნების, პარკოსნებისა და კულტურულ მცენარეთა სხვა ჯგუფების ნუსხებს. გამოსაქვეყნებლად მომზადებულია წიგნი: „საქართველოს ველური ხილი“ (ავტ. ე. ბაიაშვილი).

უკანასკნელ ათწლეულებში საზღვარგარეთის მაღალი რეიტინგის მქონე სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა მ. ახალკაცის სტატიები საქართველოს კულტურული მცენარეების შესწავლის სხვადასხვა საკითხის შესახებ. მსოფლიო ბოტანიკური ლიტერატურა შეივსო ინფორმაციით საქართველოს კულტურულ მცენარეთა მდიდარი გენეტიკური რესურსების შესახებ.

2018 წ. განყოფილების საქმიანობის ამოცანებია:

ძებნა

Search

ძებნა

Search