ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი (1910 წ.) გაშენებულია ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე, ზ.დ. 1700მ სიმაღლეზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე. ის, თავისი კოლექციების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებითა და საკოლექციო ნაკვეთების ორგანიზაციის მაღალი დონით, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მაღალმთის ბოტანიკურ ბაღად მიიჩნევა.
ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღის ძირითადი კოლექციებია:
- კავკასიის მაღალმთის ბალახოვან მცენარეთა კოლექცია;
- ალთაის, კარპატებისა და სხვ. მთიანი მხარეების ბალახოვან მცენარეთა კოლექცია;
- კავკასიის მაღალმთის მერქნიანი მცენარეების კოლექცია.
ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღში მიმდინარეობს საქართველოს ფლორის იშვიათი და გენეტიკური ეროზიის საფრთხის წინაშე მდგომი ზოგიერთი სახეობის ex situ კონსერვაციის სამუშაოები. ბაღი არის ბორჯომ-ბაკურიანის მხარის მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების კერა. უკანასკნელ ხანს კი განვითარდა საქართველოს მაღალმთიანეთის ეთნობოტანიკური შესწავლის საქმიანობა. მასში მონაწილეობენ მისურის ბოტანიკური ბაღის (აშშ) მეცნიერები. მოპოვებულია ახალი მონაცემები საქართველოს ზოგიერთი მაღალმთიანი მხარის მოსახლეობის მიერ ეკონომიკური მცენარეების ტრადიციული გამოყენების შესახებ. ეს მონაცემები შესულია წიგნში: R. W. Bussmann (editor), Ethnobotany of the Caucasus. Springer.746.